TYPEFACE.GE - ქართული შრიფტის სივრცე
- Skola Online Learning
- Feb 18
- 4 min read
Updated: Feb 19
ანიტა ეჯიბია და მარიამ ჩაჩანიძე პროდუქტის შესახებ
კრეატიული ინდუსტრიის ნერდებო! როგორც იქნა!
ქართული შრიფტის სივრცე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი კრეატიულ-ეგზისტენციალური განცდები ქართულ კერნინგებში ჩავაქსოვოთ.
მარტივად რომ ვთქვათ – ახალი ქართული ტიპოგრაფიული პროდუქტი გვაქვს Typeface.ge, რომლის შესახებაც უკეთ თავად მისი შემქმნელები მოგვიყვებიან!

რა გახდა ქართული ფონტების და ქართული შრიფტის სივრცის შექმნის ინსპირაცია? მოგვიყევით პროდუქტზე, რომელიც ერთი კვირის წინ გამოაჩინეთ მზის სინათლეზე და რომელმაც ძალიან გაახარა ქართველი არტ-დირექტორები, დიზაინერები და კრეატიული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები
ანიტა ეჯიბია: კარიერა როგორც გრაფიკოს დიზაინერმა დავიწყე. შესაბამისად, ამ სფეროში არსებული პრობლემები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. სულ მაფიქრებდა ის, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შრიფტის მიმართულება დიდი ხანია არაერთი სირთულის წინაშე დგას. მათ შორისაა კომუნიკაციის ნაკლებობა შრიფტის დიზაინერებსა და შრიფტის შეძენის/მოხმარების მსურველთა შორის. რაც უპირველესად გამოიხატება საავტორო უფლებების საკითხის გაუმართაობაში. ამიტომ, დიზაინერებს პირადი კონტაქტებით უწევდათ შრიფტებზე ინფორმაციის გავრცელება. ეს პრობლემა სირთულეს უქმნიდა მომხმარებლებსაც, რომლებსაც თავად უწევდათ შრიფტების ავტორებისა და ლიცენზიის ტიპების დადგენა. შრიფტის დიზაინის სფეროს ირგვლივ ინფორმაციის სიმწირე და გაფანტულობაა.
შესაბამისად, Typeface-ის მთავარ ამოცანად შემდეგი საკითხი ჩამოყალიბდა: შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ფონტის დიზაინერებს პროდუქტის გავრცელებაში, პოპულარიზაციასა და გაყიდვაში შეუწყობს ხელს. დაიცავს საავტორო უფლებებს და, რაც მთავარია, მისი არსებობით მოტივაციასა და ინტერესს გაუჩენს დიზაინერებს, რაც შეიძლება მეტი ფონტი შექმნან და მიიტანონ ნებისმიერ მომხმარებლამდე, რომელიც ქართული ფონტის შეძენა-გამოყენებითაა დაინტერესებული.
typeface.ge-ს შექმნის პროცესში მარიამიც შემომიერთდა, როგორც პროექტის მენეჯერი და ოპერაციების ხელმძღვანელი და მას შემდეგ ერთად ვქმნით ამ სივრცეს.

როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებს მოიტანს თქვენი პროდუქტი ბაზარზე?
თაიფფეისი, როგორც პროექტი, რამდენიმე მიმართულებითაა საინტერესო.
პირველი: იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც დიზაინერები შეძლებენ მათი ნამუშევრების განთავსებასა და გაყიდვას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლები დათვალიერებას, არჩევას და შეძენას, ვფიქრობ, რომ თაიფფეისი ამ ორი მხარის დაკავშირებასა და ურთიერთობის გამარტივებას შეუწყობს ხელს.
მეორე: ამ ეტაპზე ბაზარზე საავტორო უფლებების დაცვის საკითხი გაუმართავია. თაიფფეისი მიზნად ისახავს, იყოს ამ მხრივ მოწესრიგებული სივრცე, რაც შემდეგ საავტორო უფლებების დაცვას გაამარტივებს.
მესამე: სფეროს ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია. დიზაინერები ფონტების შექმნისთვის დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ. საიტზე გვაქვს ჟურნალის განყოფილება, რომელშიც განთავსდება სტატიები ფონტის დიზაინზე, ისტორიაზე, ცნობილ დიზაინერებზე და სტუდიებზე, ასევე სხვა სფეროსთან დაკავშირებულ თემებზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან ფონტის დიზაინის უკეთ აღქმას.

რა არის ქართული ფონტის შექმნის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა?
პრობლემები, რომლებიც ჩვენ ქართულ სივრცეში არსებული ფონტების დიდ ნაწილში დავინახეთ, ძირითადად ფონტის ფაილების ტექნიკურ გაუმართაობას მოიცავდა. ჩვენ გვინდა ამ საკითხის მოსაგვარებლად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დიზაინერებს, რაც ძირითადად ფონტის შექმნის პროცესს და მის სწორად გამართვას შეეხება.
ასევე გამოწვევაა შემდეგი საკითხი: ქართული ფონტის დიზაინი საკმაოდ განსხვავდება ლათინურისგან და ბევრად რთული და კომპლექსურია. როცა იქმნება შრიფტები რამოდენიმე ენის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანია, მათ შორის ვიზუალური ჰარმონიის მიღწევა, ისე, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ანბანის ვიზუალური ესთეტიკა.
განსხვავებით ლათინური ტიპოგრაფიისგან, სადაც უკვე უამრავი თეორია, წესი და რეკომენდაციაა ჩამოყალიბებული, ჰარმონიული ფორმების შესაქმნელად ქართული შრიფტის სფეროში ბევრად ნაკლები დამხმარე რესურსია. ზემოთ ნახსენები ჟურნალის განყოფილება, პირველ რიგში, დიზაინერებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

თქევენი აზრით, ტექსტის გადმოცემის გარდა, კიდევ რა როლი აქვს ტიპოგრაფიას თანამედროვე სამყაროში?
ტიპოგრაფიას დიდი როლი აქვს თანამედროვე სამყაროში:
ამ კითხვაზე პასუხს ხუთ ნაწილად დავყოფდი:
თითოეული შრიფტის დიზაინი გადმოსცემს თავისებურ ემოციას. ის შეიძლება კარგ ინსტრუმეტად იქცეს თხრობის ტონის ჩამოსაყალიბებლად ნებისმიერ მედიუმში.
ბრენდინგი: ტიპოგრაფია შეიძლება იქცეს ბრენდის ვიზუალური იდენტობის ძირითად ელემენტად, ასახოს მისი ღირებულებები თავისი ვიზუალური სტილით და უზრუნველყოს ემოციური კავშირი ბრენდსა და მომხმარებელს შორის.
კულტურული მნიშვნელობა: ტიპოგრაფია არაა მხოლოდ დიზაინი. დამწერლობა ქვეყნის იდენტობის მთავარი ნაწილია. ქართული შრიფტის შექმნა ხელს უწყობს ჩვენი დამწერლობის და ტიპოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ციფრულ ეპოქაში.
User experience: ციფრულ ხელსაწყოებში შრიფტი პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქტის გამოყენებაზე და ხელმისაწვდომობაზე. კარგი ტიპოგრაფია ამარტივებს ნავიგაციას ვებსაიტებზე და მობილურ აპლიკაციებში.
ინფორმაციის სიცხადე: ტიპოგრაფია ხელს უწყობს შინაარსის უკეთ აღქმას. შრიფტის ზომის, წონის და ინტერვალის ცვლილებით, ასევე სხვადასხვა ფონტების კომბინირებით დიზაინერები მართავენ მკითხველის მზერას და უადვილებენ ინფორმაციის სწრაფად და უკეთ მიღებას.

როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება თქვენი პროდუქტი, როგორია თქვენი გეგმები?
მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ რა გვაქვს ახლა და როგორია ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმები.
რაზე ვმუშაობთ ახლა:
ვაყალიბებთ წესებსა და პირობებს პლატფორმის გამოყენებისთვის;
ვამზადებთ იურიდიულ დოკუმენტაციას ფონტების გაყიდვისთვის, რომელიც დაიცავს როგორც ავტორების, ისე მყიდველების უფლებებს;
რას დავამატებთ მომავალში:
ავტომატიზებულ სისტემას ფონტების მარტივად ასატვირთად და ლიცენზიის შესაძენად;
გამარტივებულ და ავტომატიზირებულ გადახდის სისტემას;
რა არის ხელმისაწვდომი ახლა:
საძიებო სისტება;
ფონტის გამოსაცდელი ხელსაწყო (გადიდება, დაპატარავება, სასურველი ტექსტის დატესტვა, ფონტის წონის ცვლილება, სორტირება);
ავტორების განყოფილება;
ჟურნალის განყოფილება;
ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე აზრი. იქნება ეს თქვენი ბლოგის მითხველის, მომხმარებლის თუ ნებისმიერი დაინტერესებულის შეხედულება. მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა ზრი და დავამყაროთ უკუკავშირი. ეს ძალიან დაგვეხმარება პლატფორმის გაუმჯობესებაში.
და ბოლოს: რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს და სტუდენტებს – როგორ უნდა შეარჩიონ და გამოიყენონ ფონტები სწორად?
შრიფტის სწორად შერჩევა რთული და მრავალმხრივი პროცესია. განსხვავებული ფონტების გამოყენებისას ერთი და იგივე წარწერაც კი სხვადასხვანაირად აღიქმება.
პირველ რიგში, გამოსადეგია შრიფტების კატეგორიების ცოდნა – რა ემოციას და ფუნქციას ატარებს თითოეული კატეგორიის შრიფტები. მაგალითად: serif კატეგორიის შრიფტი ხშირად ასოცირდება კლასიკურობასთან და ელეგანტურობასთან, san serif-შრიფტები კი პრაქტიკულია და ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.
შრიფტის არჩევისას მნიშვნელოვანია წარწერის დანიშნულების და სპეციფიკის განსაზღვრა. მაგალითად, თუ შრიფტი ირჩევა სათაურისთვის, მიზანშეწონილია უფრო აქცენტური, სასათაურე (Display) კატეგორიის ფონტების გამოყენება. თუ ფონტი წვრილი ტექსტისთვის გვჭირდება, ის მაქსიმალურად გარჩევადი და კითხვადი უნდა იყოს. ფონტის შერჩევისას აუცილებელია კონტექსტის და ემოციის გათვალისწინებაც.
რაც მეტია შრიფტების რაოდენობა, მით უფრო რთულია მათი სწორად შეთანხმება დიზაინში. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად შეიძლება ისეთი შრიფტების არჩევაც, რომლებიც ბევრ სხვადასხვა წონას მოიცავს.
თუ მეტი მსგავსი, საინტერესო ინფორმაცის მიღება გსურთ, სამომავლოდ typeface.ge-ის ჟურნალის კატეგორიაში გვეწვიეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი რჩევები ბევრ დამწყებ დიზაინერს დაეხმარება ფონტების შერჩევაში.
Comentarios